თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთი კერძო კომპანიის დირექტორი დაარწმუნეს, თითქოსდა შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაში დახმარებას შეძლებდნენ, რითაც კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხული თანხა 2 მლნ ლარიდან 900 ათას ლარამდე შეუმცირდებოდა და კომპანიის უძრავ ქონებაზე არსებული საგადასახადო გირავნობა/ყადაღა გაუქმდებოდა.
ბრალდებულებმა კომპანიის დირექტორს, თითქოსდა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად, 200 ათასი ლარი მოსთხოვეს, საიდანაც ერთ-ერთი დაკავებულის საბანკო ანგარიშზე მოთხოვნილი თანხის ნაწილი 32 ათასი ლარი ჩაარიცხინეს.
დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ ბრალდებულებს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა უკვე შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.