თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური სიფრთხილით მოქმედებდა და დღემდე არ დაფიქსირებულა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.
„არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების, ან არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ჩვენი ქვეყნის გამოყენების სანქციების ასარიდებლად. ჩვენ მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ვიმუშავეთ, ვიმუშავებთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მაქსიმალურად ფრთხილად მოქმედებდა.
„ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ხალხის ინტერესებს, იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ დაზიანებულიყო და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით ვმოქმედებდით, რომ რაიმე კითხვა არ გასჩენოდა ჩვენს რომელიმე პარტნიორ ქვეყანას“, – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, ყველა მსგავსი საფრთხე დროულად გამოვლინდა.
„1 ათასამდე შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული, 1 ათასამდე შემთხვევა სანქციების თავიდან არიდების, ოღონდეს შეეხებოდა იმ პროდუქციას, რომელიც იგზავნებოდა ევროპიდან რუსეთის მიმართულებით და ჩვენ იმავე წამს, დაუყოვნებლივშევატყობინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მცდელობების შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.