თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „პეივ ჯორჯიამ“ ციფრული ბანკის ლიცენზია მიიღო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეს საქართველოში უკვე მესამე ციფრული ბანკია.
ახალი ციფრული ბანკის გამოჩენით საქართველოში კომერციული ბანკების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
რეგულატორის ინფორმაციით, სს "პეივ ჯორჯიას" ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას. ბანკი მიზნად ისახავს მოემსახუროს ტექნოლოგიურად განვითარებულ კომპანიებს.
„საქართველოში ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სს „პეივ ჯორჯიას" დამფუძნებლები არიან ფინანსურ სექტორში ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სართაშორისო გამოცდილების მქონე აქციონერები.
„სხვადასხვა დროს ისინი მუშაობდნენ ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, Monzo ბანკი, HSBC, Carta Worldwide, ფინტექ კომპანია Big Pay, BT Group და სხვა. გარდა ამისა, მათ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ ისეთ მსხვილ და ცნობილ ფონდებთან, როგორებიცაა Quona Capital, FT Partners, BR Capital, w3.Fund და სხვა ენჯელ ინვესტორები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო - საქართველოს ეროვნული ბანკი