პრემიერ-მინისტრი ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ, დაწერა პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცნობილი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.
დიდი კინორეჟისორის გარდაცვალების შესახებ კვირას, 17 დეკემბერს გახდა ცნობილი. ოთარ იოსელიანი თებერვალში 90 წლის გახდებოდა.
„ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
1980-იანი წლებიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორი ბოლო პერიოდში თბილისში იმყოფებოდა და აქ გარდაიცვალა.
ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აპრილი გადაიღო 1962 წელს. 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა „გიორგობისთვე“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოპრესის ჯილდო მიიღო. 1976 წელს იოსელიანს სურათისთვის „პასტორალი“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა.
მაყურებლისთვის ასევე ცნობილია მისი ფილმებია „მთვარის ფავორიტები", „და იქმნა ნათელი", „ზამთრის სიმღერა" და სხვ.
2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“ წარადგინეს. 2011 წელს ოთარ იოსელიანმა მიღწევებისთვის მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე CineMerit-ის ჯილდო მიიღო.