თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 18 დეკემბრიდან სრულად აღდგება, იუწყება დედაქალაქის მერია.
უწყების ცნობით, საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. მიცკევიჩის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. პროექტისათვის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე უკვე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.
„ამ ეტაპისათვის 7800 კვ მეტრის გზის სავალ ნაწილზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა“, - აღნიშნავენ მერიაში.
გარდა ამისა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთლიანად ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფართობი ჯამში 19.800 კვადრატული მეტრია.
პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.