კომუნიკაციების კომისიამ 5G სერვისის დანერგვის გამო სილქნეტი გააკრიტიკა

კომპანიამ 2023 წლის აგვისტოში სისტემის სრულფასოვან დანერგვაზე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობაზე უარი თქვა.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. მობილური კავშირის ოპერატორი „სილქნეტი“ (Silknet) ეფექტიან და ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურეობას ვერ დანერგავს, ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
კომისიის ინფორმაციით, „სილქნეტმა” აბონენტებისთვის შეთავაზებული 5G მობილური ინტერნეტის სერვისი, რომელიც თბილისის რამდენიმე რაიონს ფარავს, მათთვის წლების წინ მინიჭებული ლიცენზიების ფარგლებში არსებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით აამოქმედა.
5G - ახალი თაობის უსადენო ინტერნეტის ტექნოლოგიაა, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს შეყოვნებას და, კომუნიკაციების სექტორთან ერთად, სრულიად ახალ დონეზე გაიყვანს ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.
ამასთან, კომპანიამ 2023 წლის აგვისტოში სისტემის სრულფასოვან დანერგვაზე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობაზე უარი თქვა.
„აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა” მიიღო და აიღო ვალდებულება აუქციონის პირობების შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით მეხუთე თაობის ტექნოლოგია დანერგოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
5G ინტერნეტი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დეკემბერში გამოჩნდება >>
კომისია აღნიშნავს, რომ „სილქნეტის“ მიერ შეთავაზებული 5G-ით მომხმარებლები ხარისხიან და ეფექტიან ახალი თაობის ინტერნეტს ვერ მიიღებენ, ვინაიდან მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის შესაბამისი ოდენობისა და მახასიათებლების მქონე სპექტრული რესურსის გამოყენებაა საჭირო, რომელიც „სილქნეტს“ ამ ეტაპზე არ გააჩნია.
„სილქნეტის“ მომხმარებლებისთვის მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვა მხოლოდ მობილურ ტელეფონზე 5G ნიშნის გაჩენით იქნება შესამჩნევი, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სხვაობას აბონენტები ვერ იგრძნობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კომისიაში აღნიშნეს, ისინი მიესალმებიან სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რისთვისაც უწყვეტ რეჟიმში შესაბამის პირობებს ქმნიან.
„სწორედ ამიტომ კომისიამ არაერთხელ გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, „სელფი მობაილის“ გარდა სხვა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო 5G აუქციონში მონაწილეობა, ვინაიდან სწორედ ამ გზით „სილქნეტს“ ექნებოდა რეალური შესაძლებლობა, დაენერგა ხარისხიანი და სრულფასოვანი 5G ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - ნათქვამია განცხადებაში.