იაპონიის ქალაქ საპოროში ქართული ღვინო წარადგინეს

ექვსი სახეობის ქართული ღვინო სტუმრებს სომელიე ჰიროში მაცუიმ წარუდგინა.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. იაპონიის ქალაქ საპოროში რესტორნებისა და ღვინის მაღაზიების მფლობელი სადისტრიბუციო კომპანია Washidu-ს წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის დირექტორი, ღვინის ცნობილი მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა.
პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიის, ტრადიციების, საქართველოს ვაზის ძირითადი ჯიშებისა და თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიის შესახებ.
ექვსი სახეობის ქართული ღვინო სტუმრებს სომელიე ჰიროში მაცუიმ წარუდგინა.
„სადისტრიბუციო კომპანია Washidu-ს წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის და გაყიდვების ზრდას იაპონიის ბაზარზე“, - აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში.
ქართული ღვინო მსოფლიო გამოფენებზე: ბოლო ექვსი თვის მონაცემები >>
მიმდინარე წლის ოქტომბერში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია, რომელსაც 80-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები.
2019 წელს, იაპონიის დედაქალაქში გაიმართა მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, ორი თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.
ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანია Red Bridge-თან 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.
იაპონია მრავალი წელია საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, სადაც პრემიუმ-ხარისხის ძვირადღირებული ღვინოები გადის.