თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–ნოემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 6,2%-ით გაიზარდა და 3 მლრდ 814,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ 11 თვეში რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2023 წლის იანვარი–ნოემბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
რუსეთი | 1.452,8 | -17,0% |
იტალია | 468,9 | 20,7 |
აშშ | 400,8 | 36,9 |
საბერძნეთი | 210,1 | 3,2 |
გერმანია | 208,8 | 45,2 |
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.452,8 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 38,1%-ია.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, 43,8%-ით შემცირდა და 292,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2023 წლის ნოემბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
რუსეთი | 75,3 | -76,2 |
იტალია | 42,8 | 19,8 |
აშშ | 40,8 | 41,6 |
გერმანია | 20,3 | 32,2 |
საბერძნეთი | 20,1 | 7,8 |
ნოემბერში რუსეთიდან 75,3 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 25,7%. 2023 წლის ნოემბერში რუსეთიდან 76,2%-ით ნაკლები ფულადი გზავნილები შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
გზავნილები საქართველოდან უცხოეთში
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2023 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0,5%-ით ნაკლებია.
2023 წლის 11 თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა 321,9 მლნ დოლარი, რაც 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,9%-ით მეტია.