თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებმა და უცხოელებმა 2011 წლის 28 ივლისამდე მიიღეს, 2024 წლის 1–ლი ივლისიდან გაუქმდება, შესაბამისი შესწორებები საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ყველა მოწმობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს ახალი ტიპის პირადობის მოწმობების (ID ბარათი) გაცემის დაწყებამდე, ანუ 2011 წლის 28 ივლისამდე, 2024 წლის 1–ლი ივლისიდან გაუქმდება.
დოკუმენტის თანახმად, გაუქმებული პირადობის მოწმობების ყველა მფლობელი მიიღებს ახალ დოკუმენტებს იმავე მონაცემებით, რომლებიც ძველ დოკუმენტებში იყო მითითებული.
2023 წლის 16 ნოემბრის ბოლო მონაცემებით, ძველი ტიპის პირადობის მოწმობა აქვს 217.766 მოქალაქეს, ამავე დროს 30.573-ს ძველი პირადობის გარდა, მოქმედი საერთაშორისო პასპორტი აქვს.
ძველი ტიპის პირადობის მოწმობები ჩიპის გარეშე საქართველოში 2019 წლიდან გაიცემა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ID ბარათზე უარს რელიგიური მრწამსის გამო ამბობენ. 2019 წელს ელექტრონული პირადობის მოწინააღმდეგეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოიგეს და მათზე გაიცემა ჩვეულებრივი პირადობის მოწმობები იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე, რომელიც თავისი მრწამსის გამო უარს იტყვის ID-ბარათზე, წარადგენს დოკუმენტს, რომელიც ქრისტიანული რელიგიისადმი კუთვნილებას ადასტურებს.
ID ბარათით შესაძლებელია ადამიანის იდენტიფიცირება ინტერნეტის მეშვეობით. გარდა ამისა, ის ელექტრონულ დოკუმენტებზე ხელმოწერის შესაძლებლობას იძლევა, რომლებსაც იურიდიული ძალა აქვს საქართველოში, და დამატებითი დოკუმენტების გარეშე შეიძლება ამ მოწმობით წასვლა თურქეთში, სომხეთსა და ასევე უკრაინაში (თვითმფრინავით).