ყოფის გამარტივება პოეზიით ანუ როცა ლექსების წერა ერბოკვერცხის შეწვის დროსაც შეგიძლია

რუსუდან კაიშაურის ლექსები ბოლო წლებში გამოცემულ ქართულ და უცხოურ კრებულებშია შესული.
Sputnik
ბავშვობიდან მოყოლებული საყოველთაოდ დადგენილ წესებს არღვევდა. სულ ცდილობდა, რომ სხვებს დამსგავსებოდა. ეგონა, თუ ამას მოახერხებდა, ბედნიერი იქნებოდა. თუმცა ერთ დღეს მივხვდა, რომ მთელ ცხოვრებას საკუთარ თავთან ბრძოლაში ვერ გაატარებდა და დარჩა ის, ვინც იყო. ჩვენი მასალის გმირი პოეტი ქალი, ხუთი შვილის დედა, რუსუდან კაიშაურია, რომლის ლექსები ინგლისურ, გერმანულ, ესტონურ, რუსულ, ფრანგულ და სხვა ენებზეა თარგმნილი.
რუსუდან კაიშაური
– ქალბატონო რუსუდან, რადგან ადამიანის ყველა თვისება ძირითადად ბავშვობაში ყალიბდება, გაიხსენეთ როგორი ბავშვი იყავით?
– პოეზია ბავშვობიდანვე იყო ჩემი თავშესაფარი, ახლა კი ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერებაა. რაც შეეხება იმას, თუ რა წესებს ვარღვევდი. იმას არასოდეს ვაკეთებდი და ისე არ ვფიქრობდი, როგორც უმეტესობა. მეგონა, თუ ამას მოვახერხებდი, ბედნიერი ვიქნებოდი. მაგრამ რაც მეტად ვცილობდი ამას, უფრო სასაცილო ვხდებოდი. მერე ხელი ჩავიქნიე, და ჩემი თავის გადაკეთებას შევეშვი.
გაკვეთილზე
-ძირითადად როდის წერთ?
– ვცდილობ, რომ ლექსები ჩემი შვილების ხარჯზე არ ვწერო. პოეზიით ყოველდღიურ რუტინულ ყოფას ვალამაზებ. თუმცა, ეს ზოგადად ადამიანის მოვალეობაა. ამით განვსხვავდებით ცხოველისგან. მაგრამ როცა პოეტი ხარ, უფრო დიდ მოთხოვნას გიყენებენ. ეტყობა, ჩემი ორგანიზმი ისეა მომართული, რომ სულ ვცდილობ ყოფა გავამარტივო, რათა საკუთარი თავისთვისაც დამრჩეს დრო. ჩემზე ამბობენ, რომ ყოველდღიური საქმიანობის, მაგალითად, ერბოკვერცხის შეწვის დროსაც შეუძლია ლექსების წერაო.
პოეზიის საღამოზე
-რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა ხომ არ გახსენდებათ?
– ერთხელ ჩემი გოგო ცუდად გახდა და საავადმყოფოში დავაწვინეთ. ამ ამბავს ძალიან განვიცდიდი, მაგრამ სურვილი მაინც მქონდა, რომ ლექსი მეწერა. რატომ?- ამას ვერც მე მივხვდი. ღამე, როცა პალატაში შუქს აქრობდნენ, გარედან შემოსული შუქით ვწერდი ლექსებს. გვერდზე მყოფმა ბავშვმა ჩემ შვილს ჰკითხა, დედაშენი რას წერდა მთელი ღამეო. ის მძიმე პერიოდი პოეზიამ გადამატანინა და იმ დროს ბევრი ლექსი დავწერე. უცხოურად ნათარგმნი ჩემი ლექსები მე არ წამიკითხავს, მაგრამ ჩემმა გოგომ იცის უცხო ენა და ის თარგმანები ძალიან მოსწონს.
რუსუდან კაიშაური
– რა განაღვლიანებთ?
–მანაღვლიანებს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება, რაც უპასუხისმგებლობით, უვიცობით, გაუნათლებლობითა და ამპარტავნობითაა გამოწვეული. დარდს საკუთარი თავით ვწამლობ. ყველა ადამიანში არის „ავადმყოფობასთან“ მებრძოლი „წითელი ბურთულები“, რომელიც უნდა იპოვო და აამოქმედო.
– რაშია თქვენი ბედნიერება?
-სულ ვფიქრობ, უფრო დიდი ბედნიერება რომელია –შვილები თუ პოეზია? თქვენ წარმოიდგინეთ, ორივეს ერთ სასწორზე ვდებ. ადრე ჩემ პოეზიას უკანონო შვილს ვეძახდი და ლექსებს ვმალავდი. მეშინოდა ვინმეს არ დაეცინა, არ ეთქვათ, ვინაა ეს უცნაური ქალი, პოეზიით რომ ამარტივებს ყოფასო.
მოსწავლეებთან ერთად
– პოეტისა და დედის გარდა ვინ ხართ?
– რა ვიცი, ხან ვინ ვარ და ხან ვინ. ცოტა ჯამბაზიც ვარ, ფილოსოფოსიც, დედაც. ყველანაირი ვყოფილვარ. როცა რაღაცეები არ მომწონს ხოლმე, ვცდილობ, გავიზარდო. საკუთარი შვილებისა და მოსწავლეებისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ და მათთან ერთად ვიზრდები. ერთ გერმანულ კრებულს ჩემი ერთი ლექსის მიხედვით დაარქვეს ასეტი სახელი „მე ბევრი ვარ“. აი, იქ წერია, რა და როგორი ვარ. ერთადერთი, მოღალატე ვერ და არ ვიქნები, არც ერთ შემთხვევაში..
ნინო მამულაშვილი