კალაძე: ეს არის სისულელე, ესტაკადები და ხიდები „საცობების“ პრობლემას ვერ მოაგვარებს

თბილისში „საცობების“ ძირითადი მიზეზი ავტომობილების ძალიან დიდი რაოდენობაა, აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისში ახალი ესტაკადებისა და ხიდების აშენება „საცობების“ პრობლემას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ გადაჭრის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე პარასკევს.
თბილისის მერია უკვე მრავალი წელია ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია გახადოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო კომფორტული, ხელმისაწვდომი და ასევე განტვირთვოს ქალაქი საცობებისგან. აღნიშნულირეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო დერეფნების შექმნა.
„ჩვენზე მეტად ვის უნდა, რომ გადაადგილების თვალსაზრისით არსებული პრობლემები მოგვარდეს? ხშირად საუბრობენ, ესტაკადები, გადასასვლელი ხიდები გააკეთეთო. ეს არის სისულელე“, – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, ორი დღის წინ მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო პარალიზებული იყო.
„რა ხიდზეა საუბარი? ხიდზეც მანქანა რომ იდგეს, მაგისთვის უნდა გავაკეთოთ? ესტაკადებიკიდევ უფრო მეტი ავტომობილის წამახალისებელია. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ხეირს არ მოგვიტანს. რაც დაწყებული გვაქვს, მსგავსი ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადა კალაძემ.
უფრო ადრე თბილისის მერმა განაცხადა, რომ თბილისში „საცობების“ მთავარი პრობლემა ავტომობილების ჭარბი რაოდენობაა. მისი ინფორმაციით, პიკის საათის დროს თბილისში 650 ათასი ავტომობილი გადაადგილდება.
საცობები თბილისში საკრებულოს სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა>>
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული აქტიური სტატუსის მქონე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 657,7 ათასი შეადგინა, ხოლო 2023 წლის დასაწყისში საქართველოში ასეთი 639,7 ათასი ავტომობილი იყო.
თბილისის მერია 2023 წლის ივლისიდან გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით ახალ პროექტს - „მდგრადი ურბანული მობილურობა თბილისში“ ახორციელებს, რომლის მიზანი ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაა.