საქართველო და რუმინეთი ციფრული განვითარების სფეროში ითანამშრომლებენ

მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ციფრული განვითარების კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. საქართველოსა და რუმინეთს შორის ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და რუმინეთის კვლევის, ინოვაციებისა და გაციფრულების მინისტრმა ბოგდან - გრუია ივანმა „ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ციფრული განვითარების კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს. საუბარია, როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი დაკავშირების საკითხების შესწავლაზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები.
„ხაზი გაესვა საქართველოს გავლით, ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი ციფრული დერეფნების ფორმირების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. კერძოდ, საერთაშორისო ფართოზოლოვანი სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირის ინფრასტრუქტურის განვითარებას შავ ზღვაში, ასევე საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული „მონაცემთა ცენტების“ ფორმირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მემორანდუმის მიხედვით, საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობა განხორციელდება ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოლიტიკისა და პროექტების/პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარების, აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების მხარდაჭერის, საქართველოსა და რუმინეთის ტერიტორიების გავლით ევროპა-აზიის ციფრული დერეფნების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, შავი ზღვის გავლით წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით და სხვ.
საქართველოს რეგიონის ციფრულ ჰაბად ტრანსფორმაცია მთავრობის უახლოესი 10 წლის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს.