თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ლეგენდარული რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმი „დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი" ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ძირითადი პროგრამის სპეციალურ განყოფილებაში მოხვდა.
ფილმი „დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი" რეჟისორის დედას ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძეს, საქართველოში პირველ ქალ რეჟისორს ეძღვნება, რომელიც ასევე პირველი ქალი რეჟისორია მთელ საბჭოთა კავშირში.
„სიდიადე შეხამებული მოკრძალებასთან: მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი ლანა ღოღობერიძე დედამისს იხსენებს – ნუცას, რომელიც, თავის მხრივ, პირველი რეჟისორი ქალი იყო საქართველოში. ეს არის ფემინისტური, მოსიყვარულე, ძალადობისადმი კრიტიკული კინომემკვიდრეობა იმის შესახებ, როგორ დარჩე ადამიანად ბნელ დროში", - ნათქვამია კინოფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ბერლინის ფესტივალზე ღოღობერიძის საერთაშორისო პრემიერა გაიმართება. ფილმი საქართველოსა და საფრანგეთის კოპროდუქციაა.
ბერლინალე 2024 წლის 15-25 თებერვალს გაიმართება.
ლანა ღოღობერიძე დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1950), VGIK-ის სარეჟისორო განყოფილება (1953, სერგეი გერასიმოვისა და თამარა მაკაროვას სახელოსნო). შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა კინოსრეჟისურას.
მან ქართულ ენაზე თარგმნა ახმატოვას, პასტერნაკის, ახმადულინას, ბროდსკის, უიტმენის, თაგორის და სხვათა პოეტური ნაწარმოებები. გადაიღო რამდენიმე საინფორმაციო და დოკუმენტური ფილმი: „გეოლოგები", „თბილისის 1500 წელი" (1958), „მშობლიური საქართველო" და სხვ.
ქართული კინოს ოსტატს მიღებული აქვს ჯილდოები: სან-რემოს ფესტივალის გრან-პრი, აშხაბადის საკავშირო ფესტივალის ჟიურის პრიზი ფილმისთვის "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", ხალხთა მეგობრობის ორდენი და სხვ.
ლანა ღოღობერიძეს გადაღებული აქვს ფილმები: „მე ვხედავ მზეს“, „ფერისცვალება“, „როცა აყვავდა ნუში“, „აურზაური სალხინეთში“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „დღეს ღამე უთენებია“, „ორომტრიალი“, „ვალსი პეჩორაზე“, „ოქროს ძაფი“.