ყალბი ანგარიშ-ფაქტურები: ოთხმა პირმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიითვისა

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი − Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ოთხი პირი ამხილა, რომელთაგან ორი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი 14 კომპანიის სახელით ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები თითქოსდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 514.641 ლარის ოდენობის დღგ-ის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოყენებულ იქნა ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.
სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულია ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.
გამოძიება სსკ-ის 210-ე და 185-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
ბრალდებულებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.