ხონის რაიონში ხეტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც - არა ყველა ხის.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხას მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, სამართალდამრღვევებმა სახელმწიფო ტყეში 5 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ხეტყე უკანონოდ მოიპოვეს.
სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა სატვირთო ავტომობილები დალუქეს და ხონის საქმიან ეზოში გადაიყვანეს. ბრაკონიერების მიმართ კი შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის ორგანოში გადაიგზავნება.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ქვეყნის მასშტაბით „საქმიანი ეზოების" მოწყობა გრძელდება>>
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. „საქმიანი ეზოები" სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.