საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება:ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოებას მხარი დაუჭირა

საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ამ კვირაში ელის
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ევროპარლამენტმა ევროკავშირის სამიტის წინ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მხარი დაუჭირა გაერთიანების გაფართოების პოლიტიკას და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
„ევროპარლამენტარები მოითხოვენ, რომ 14-15 დეკემბერს დაგეგმილ სხდომაზე ევროპულმა საბჭომ მიიღოს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება, ასევე, გარკვეული რეფორმების გატარების შემდეგ, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
გარდა ამისა, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის წევრები მიესალმებიან ბევრი ქვეყნის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესსა და პოლიტიკურ ნებას და აღიარებენ იმ სერიოზულ ძალისხმევას, რომელიც გაწევრიანების მოთხოვნების შესასრულებლად ხორციელდება.
რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და ევროპარლამენტი არ მონაწილეობს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მიღებაში.
მოლოდინები
საქართველო ელოდება ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას, გამომდინარე ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშიდან, რომლის თანახმადაც სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების საფუძველზე ევროკომისია აძლევს ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ - იმ დათქმით, რომ მომავალში საქართველო რეფორმების კუთხით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს.
„წყალგამყოფი მომენტი" - საქართველოს პრემიერმა ევროკავშირის ლიდერებს წერილებით მიმართა >>
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტამდე ერთი დღით ადრე წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკომისიის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიანს, ასევე ესპანეთის მთავრობის მეთაურს პედრო სანჩესს, რომელიც წელს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა.
წერილში ნათქვამია, რომ მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს საჭირო რეფორმების განხორციელების გაგრძელებას და დაჩქარებას.
„ჩემი მთავრობა სრულად არის მობილიზებული და მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - დაწერა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ სამიტის წინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობის ღია მხარდაჭერა მოიპოვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირში არ არის ქვეყანა, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი იქნებოდა“.
რეფორმის ახალი გზა
ევროკავშირის ცხრა ახალ პირობას შორის არის თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, დეოლიგარქიზაცია და სხვა.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაიწყო რეფორმის პროცესი ახალი პირობების შესასრულებლად: მიღებულია ოლიგარქებთან ბრძოლის ახალი გეგმა, რომლის ნაწილია საქართველოში პარტიების დაფინანსების წესის შეცვლა, ასევე ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრება, დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის, რომლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბრძოლა დეზინფორმაციასთან, ასევე მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე და სხვა საკითხებზე.
როგორც მანამდე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა უფრო ადვილი იქნება, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებამ წინა 12 პირობიდან 80% უკვე შეასრულა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე: ევროპულმა საბჭომ საქართველოზე დასკვნა გამოაქვეყნა>>>
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.