თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის გვერდზე ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე სტატია გამოაქვეყნა სათაურით „ქართული ღვინის ისტორია - 8000-წლიანი უწყვეტი რთველი", ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველო ამაყად ატარებს ღვინის სამშობლოს ტიტულს" - ასე იწყება სტატია, რომელშიც საუბარია იმ სამეცნიერო დასკვნაზეც, რომელიც ასაბუთებს, რომ ღვინის დაყენების 8000-წლიანი ისტორია სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ვაზის გაშენებისთვის ხელსაყრელი, ზომიერი კლიმატით დაჯილდოებული საქართველოს ლანდშაფტი 525-ზე მეტი ვაზის ადგილობრივი ჯიშის სამშობლო გახდა. სახელგანთქმული ალაზნის ველი, კავკასიონის მთების ფონზე, მეღვინეობის თავშესაფარია, კარგად გაჟღენთილი, მინერალებით მდიდარი ნიადაგების კომბინაციით და სიმაღლით, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინისთვის დამახასიათებელ გამორჩეულ გემოებსა და არომატს.
„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ღვინის დაყენების კულტურა, რომელიც დაიწყო 8000 წლის წინ, არათუ ოდესმე დავიწყებას მიცემია, არამედ უფრო მეტად განვითარდა და გაძლიერდა. ქართული მევენახეობის ყველაზე გავრცელებული რიტუალი ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციაა. მიწაში ჩაფლული დიდი კონუსისებრი თიხის ჭურჭლის გამოყენება დუღილის დროს ტემპერატურის ბუნებრივი რეგულირების შესაძლებლობას იძლევა, რაც მას უნიკალურ ტექსტურას და კომპლექსურობას ანიჭებს", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის სტრატეგიულმა მდებარეობამ ხელი შეუწყო სავაჭრო კავშირებს ევროპასთან, აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან.
„იმის გამო, რომ ქვევრი „იუნესკოს" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული, საქართველოს უძველესი მეღვინეობის პრაქტიკა კვლავაც გლობალურად მიმზიდველია... თუ გსურთ აღმოაჩინოთ მეღვინეობის სამშობლო, საქართველო, ქართული ღვინო ნაბიჯ-ნაბიჯ აცოცხლებს ღვინის დაყენების პროცესს ნიადაგიდან ბოთლამდე", - წერს CNN.
სტატიაში საუბარია ასევე ქართულ სამზარეულოზეც, საქართველოში დამკვიდრებულ ღვინის ფესტივალებზე და ღვინის ტურებზე, რაც იზიდავს როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისე ტურისტებს.