თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბენზინის გაძვირების საფუძველი არ არსებობს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ზოგიერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ბენზინის ფასის შესახებ არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომლის მიზანია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და პანიკის შექმნა.
„საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს - ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოში საერთაშორისო ფასზე დაბალ ფასში ბენზინის იმპორტის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1092,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,4%-ით მეტია.
წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელის საწვავი რუსეთიდან შემოვიდა - 691,7 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 63,3%-ს შეადგენს.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.