საპენსიო აქტივების სტატისტიკა - ნოემბრის მონაცემები

ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ ადამიანია.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება, 30 ნოემბრის მდგომარეობით, 4,2 მილიარდი ლარია, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 804,9 მილიონ ლარს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ ადამიანიამდეა. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6,5 ათასმა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 19,3 მლნ ლარს შეადგენს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
საქართველოში საპენსიო სესხების რეკლამა აიკრძალა>>
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.