თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან ხუთი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, უწყებამ არასრულწლოვანი გოგონების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 28 წლის პირი დააკავა. გამოძიების მიხედვით წალკის რაიონში მცხოვრებმა ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა და 2023 წლის მაისსა და სექტემბერში სამ არასრულწლოვან გოგონას დაუკავშირდა. მან გოგონების ნდობა მოიპოვა, რის შემდეგაც მოტყუების და იძულების ხერხით გადააღებინა და გადააგზავნინა ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები.
„ბრალდებულმა ორი დაზარალებული არასრულწლოვანისგან გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტო საჯაროდ განათავსა მის მიერ შექმნილ სოციალური ქსელის ყალბ გვერდზე და დაზარალებულებს დამატებით ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება და გადაგზავნა აიძულა", - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. მას რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გარდა ამისა, კიდევ ერთი არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე სამი პირია მხილებული.
გამოძიების მიხედვით, 2023 წლის ივლისში სამეგრელოს რეგიონში სკოლის მოსწავლე გოგონამ სოციალური ქსელის საშუალებით ნაცნობ 14 წლის ბიჭს საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეო გადაუგზავნა. ბიჭმა კი ფოტო-ვიდეო მასალა მის ორ მეგობარს გაუზიარა. უწყების ცნობით, აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებული გოგონას ინტიმური შინაარსის ფოტო მის კლასელებში გავრცელდა, რითაც დაირღვა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო.
რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 10 პირს, ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ.
უწყების ცნობით, სამსახურში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 199, სადაც ყველა დაზარალებულ პირს შეუძლია დატოვოს შეტყობინება ან მიმართოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფისებს.