ვიცე-პრემიერი: საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების პოტენციალი აქვს

დღეს ენერგეტიკა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სფერო და მიმართულებაა, განაცხადა ლევან დავითაშვილმა
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც გამოყენებული არ არის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ენგურჰესის" 45-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
„ენგურჰესის" კაშხალს 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარებას ისახავს მიზნად. კაშხლის სიმაღლე 271,5 მეტრია, სიგრძე – 728 მეტრი. ენგურის კაშხალი მსოფლიოს თაღოვანი კაშხლების ხუთეულში შედის.
„ენგურჰესი" იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურები ვაშენოთ, ვმართოთ და ქვეყნის ენერგეტიკა განახლებადი ენერგიების გამოყენების მიმართულებით განვავითაროთ. საქართველოს ამ კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ, არ ვიყენებთ", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, დღეს ენერგეტიკა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სფერო და მიმართულებაა.
„პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, რომ ენერგეტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში. სამინისტრო მნიშვნელოვნად გააქტიურდა ენერგოპროექტების, ასევე კერძო საშუალო და მცირე პროექტების განვითარების მიმართულებით", - განაცხადა დავითაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას დავითაშვილმა ისაუბრა „ენგურჰესის", როგორც ათწლეულების განმავლობაში ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული ობიექტის მნიშვნელობაზე.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, „ენგურჰესი" ქვეყნის გენერაციის 1/3-ზე მეტს წარმოადგენს და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისტემის სტაბილურობისთვის.
„ჩვენ არც ერთი წუთით შეგვიჩერებია მუშაობა მსხვილი, მნიშვნელოვანი პროექტების განვითარების კუთხით, როგორიცაა, მაგალითად, ხუდონჰესი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ენგურჰესის ეფექტურად მუშაობასთან", - განაცხადა დავითაშვილმა.
„ხუდონჰესის“ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს საქართველოს ელექტროსისტემისთვის, მათ შორის, „ენგურჰესის“ მუშაობის ეფექტურობის გაზრდისთვის. ხუდონჰესის პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1,1 მილიარდ დოლარზე მეტია, გულისხმობს მდინარე ენგურზე 702 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.
„ენგურჰესის" ისტორია
კავკასიის რეგიონში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური - ენგურჰესი საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა, რომელიც 1970-იან წლებში აშენდა. თაღოვანი კაშხალი ამ ტიპის კაშხლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ამ მომენტისთვის მისი სიმძლავრე 1300 მგვტ-ს შეადგენს, რაც საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის ნახევარს ფარავს. ჰესის მიერ ზამთარში გამომუშავებული მთელი ელექტროენერგია მიეწოდება აფხაზეთს, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ აკონტროლებს.
„ენგურჰესი" ტურისტებისთვის - თაღოვან კაშხალზე ახალი საგამოფენო სივრცე გაჩნდა>>>
ვიცე-პრემიერის თქმით, „ენგურჰესი" მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროექტიცაა, რადგანაც იგი ერთ-ერთი იშვიათი ძაფია აფხაზეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებთან თანამშრომლობისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჰიდროელექტროსადგური იძლევა იმედს, რომ ერთ დღესაც საქართველო აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და ხალხთა შორის კავშირებს.
„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარეზეა.
„ენგურჰესის" 45-ე იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს „საპატიო ენგურჰესელები“ - სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ვინც 45 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ ჰესის ფუნქციონირებას. ამასთან, გაიმართა „ენგურჰესის" ისტორიისადმი მიძღვნილი, თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია და ჩვენება.