არველაძე სტამბულის „ფათიჰ ქარაგუმრუქს" ჩაუდგება სათავეში

„ფათიჰ ქარაგუმრუქი" თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებული 15 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი, ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე სტამბულის კლუბ „ფათიჰ ქარაგუმრუქის" მწვრთნელი გახდა, იუწყება თურქული ტელეკომპანია ntv.com კლუბის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
„ფათიჰ ქარაგუმრუქი" თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებული 15 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-11 პოზიციაზეა განთავსებული და ევროზონას ცხრა ქულით ჩამორჩება. კლუბი 1926 წლის გაზაფხულზე დაარსდა. მათი ფერებია წითელი და შავი, რაც ცეცხლსა და კვამლს განასახიერებს.
„ფათიჰ ქარაგუმრუქმა" მთავარი მწვრთნელი ალფარსლან ერდემი „ანტალიასპორთან" წაგების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ შავ-წითლებმა განაცხადეს, რომ შოთა არველაძესთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს", - ნათქვამია ვებ-გვერდზე ntv.com.
ქართველი მწვრთნელი ბოლოს ინგლისის ჩემპიონატის გუნდ „ჰალ სიტიში" მუშაობდა.
შოთა არველაძის საფეხბურთო კარიერა 1990 წელს დაიწყო. იგი, თბილისის „დინამოს" გარდა, ევროპის სხვადასხვა კლუბებში, მათ შორის, ამსტერდამის „აიაქსში" თამაშობდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მან 61 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა.
არველაძემ სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ნიდერლანდის AZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. 2010 წელს ქართველი სპეციალისტი თურქეთში გაემგზავრა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში იყო „ქაისერისპორის", „ქასიმფაშას" და „ტრაპზონსპორის" მწვრთნელი.
არველაძის კარიერაში შემდეგი ეტაპი ისრაელის „მაკაბი" იყო, რის შემდეგაც 2017 წელს სპეციალისტი „ფახთაქორს" ჩაუდგა სათავეში, სადაც გასული წლის დეკემბრამდე მუშაობდა. შემდეგ ქართველ სპეციალისტს „ჰალ სიტი" ჩააბარეს.