მსოფლიო დღეს

თუ აშშ დაპირებას შეასრულებს, თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. თურქეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ შეერთებული შტატები ანკარისთვის გამანადგურებელ F-16-ების მიყიდვის თაობაზე დაპირებას შეასრულებს, იტყობინება გაზეთი Hürriyet წყაროებზე დაყრდნობით.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ საბერძნეთში აგზავნის F-16-ებს, მაგრამ უარს ეუბნება თურქეთს მათ მიწოდებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ანკარას ფული გადახდილი აქვს.
„თურქეთი მიდრეკილია, მხარი დაუჭიროს ნატოს გაფართოებასა და შვედეთის წევრობას, თუ აშშ F-16-ების თაობაზე დაპირებას შეასრულებს. დადის ხმები, რომ მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში ფინეთისა და შვედეთის წევრობის საკითხი დადგა, კულუარებში დადებით შედეგებს მიაღწიეს. ამბობენ, რომ თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე სამი-ოთხი ქვეყნის მიერ დაწესებული ემბარგო გაუქმდა“, − წერს გაზეთის მიმომხილველი აბდულქადირ სელვი, რომელიც სამთავრობო წრეებთან არის დაახლოებული.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, პრობლემა აქ არა შვედეთის წევრობაში, არამედ შეერთებული შტატების მხრიდან ნდობის ნაკლებობაშია. და თუ ეს ნდობა დამყარდება, შვედეთის გზა გაეხსნება.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2022 წლის ივლისში მიიღო თავდაცვის ბიუჯეტის ცვლილება, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას ახალი F-16-ებისა და მათი მოდერნიზაციისთვის საჭირო კომპონენტების მიყიდვას კრძალავს თურქეთისთვის, სანამ ანკარა საბერძნეთის საჰაერო სივრცესარღვევს. მანამდე თურქეთი მეხუთე თაობის გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35-ების წარმოების პროგრამიდან გარიცხეს რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-400-ების შეძენის გამო.
წყარო: Hürriyet