მსოფლიო დღეს

NASA-ს ასტრონავტებმა კოსმოსური პომიდორი იპოვეს

Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. კოსმოსური საიდუმლო, რომელზეც რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა, ამოხსნილია − NASA-ს ასტრონავტებმა, როგორც იქნა, იპოვეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოყვანილი და შემდეგ გაუჩინარებული პირველი პომიდორი, იუწყება Business Insider.
როგორც გამოცემა წერს, ამ ფაქტით ყველაზე ბედნიერი ასტრონავტი ფრენკ რუბიოა, რომელსაც ეკიპაჟი პომიდვრის შეჭმაში „ადანაშაულებდა“ ხუმრობით.
ნაპოვნის თაობაზე ასტრონავტებმა მართვის ცენტრთან პირდაპირი ტრანსლაციის დროს განაცხადეს.

„ჩვენს კარგ მეგობარს ფრენკ რუბიოს, რომელიც უკვე დაბრუნდა შინ, საკმაოდ დიდიხანია ადანაშაულებენ პომიდვრის შეჭმაში. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი გამართლება − პომიდორი ვიპოვეთ“, − განაცხადა NASA-ს ასტრონავტმა ჯასმინ მოგბელმა.

საქმე ისაა, რომ 2,5 სმ დიამეტრის ჯუჯა პომიდორი Red Robin კოსმოსში იყო მოყვანილი პროექტ VEG-05-ის ფარგლებში. ეს პროექტი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანას, პროდუქტში სასარგებლო ნივთიერებების შემადგენლობას, მის მიკრობულ უსაფრთხოებასა და გემოებს სწავლობს ნულოვანი გრავიტაციის პირობებში. პომიდვრის პირველი მოსავლის აღების შემდეგ, ეკიპაჟის თითოეულწევრს ელვაშესაკრავიან პაკეტში მოთავსებული თითო ნიმუში გადაეცა. ამასთან ისინი მკაცრად გააფრთხილეს, რომ არ შეეჭამათ ნაყოფი, ვინაიდან პომიდორი შეიძლებოდა სოკოთი ყოფილიყო დასნებოვნებული.
სამწუხაროდ, რუბიომ მალევე დაკარგა პომიდორი, რომელიც შემთხვევით გაუვარდა ხელიდან და ნულოვანი გრავიტაციის პირობებში სადღაც გაუჩინარდა. ეკიპაჟმა ძებნა დაიწყო, მაგრამ პოვნის მრავალსაათიანი მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.
ფრენკ რუბიომ უკვე გააკეთა კომენტარი კოსმოსიდან მიღებულ კარგ ამბავზე. მისი თქმით, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ პომიდორს აუცილებლად იპოვიდნენ, მეგრამ ეგონა, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოხდებოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში კოლეგა-ასტრონავტების ხუმრობის ობიექტი იქნებოდა.
თუ სად იპოვეს დაკარგული კოსმოსური პომიდორი, ამაზე Business Insider არაფერს წერს.