თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. თუ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჩეხეთში შედგება, ეს იქნება კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პირდაპირი და უხეში დარღვევა, განუცხადა მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობის მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს ჩეხეთში 10-12 დეკემბერს ოფიციალურ ვიზიტზე უარი ეთქვა.
„არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი გაემგზავრა თუ არა უკვე, მაგრამ თუ ეს ასეა, ეს იქნება პირდაპირი, უხეში და ღია დარღვევა არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს 30-წლიან ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს მსგავსი რამ არ გაუკეთებია, მიხეილ სააკაშვილსაც კი, რომელსაც დანაშაულები აქვს ჩადენილი.
„მიხეილ სააკაშვილსაც კი საჯაროდ, ღიად ფეხქვეშ არ გაუთელავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და კონსტიტუცია. ის არღვევს საქართველოს ხალხის ნებას, ეს არის პირდაპირი უპატივცემულობა ქართველი ხალხის, სახელმწიფო მოწყობის ფეხქვეშ გათელვა და სამწუხაროა, თუ ეს ასე მოხდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს არ გახსნას საკონსტიტუციო დარღვევების „პანდორას ყუთი“, რადგან თუ ის მას გახსნის, აღარ ექნება უფლება მიუთითოს სხვას კონსტიტუციის დარღვევებზე.
პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილი არის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების ინსტრუმენტი და მას ამაში ეხმარება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტის პროცესი ჩააგდო.
„რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“, იმპიჩმენტი შედგებოდა და სალომე ზურაბიშვილი არ იქნებოდა ამ თანამდებობაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს არ გააკეთა, რადგან კი არ უფრთხილდება კონსტიტუციურ ორგანოებს, მათ აქვთ პირდაპირი მიზანი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნისა და სალომე ზურაბიშვილი არის ინსტრუმენტი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნისთვის. სწორედ ეს არის მათი თანამშრომლობის საფუძველი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. მაშინ მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის საკითხს საჭირო 100 ხმის ნაცვლად 86 ხმა მოაგროვა.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციას შეუერთდა.