თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. უნგრეთი საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე ოპოზიციის თავდასხმა აიხსნება მხოლოდ მათი განზრახვით, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლასა და კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ქართველმა ოპოზიციონერებმა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს, რომელიც დეკემბრის სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში დაბრკოლება უწოდეს. მათი თქმით, ორბანი არის პრორუსი პოლიტიკოსი, რომელიც აშანტაჟებს ევროკავშირს და არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ერთადერთი მოკავშირე.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ოპოზიცია აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი... ახლაც, როდესაც უნგრეთი ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და არის ჩვენი განსაკუთრებული მხარდამჭერი, თავდასხმა უნგრეთზე აიხსნება მხოლოდ ამ განზრახვით, რომ საქართველომ როგორმე არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არ წაიწიოს წინ ევროინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, უნგრეთს აქვს საკუთარი მოსაზრება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთი და ევროკავშირი შეძლებენ ამ საკითხზე შეთანხმებას.
„ამას ვერ ექნება გავლენა საქართველოს საკითხის გადაწყვეტაზე. ევროპულმა კომისიამ უკვე გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოს სასარგებლოდ. საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, მათ შორის შესრულდა 12 პრიორიტეტის ფარგლებში გაწერილი რეკომენდაციები“, - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტს საერთოდ არ სურს დეკემბრის სამიტის დღის წესრიგში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დაყენება, რადგან წინასწარ ცხადია, რომ წევრ ქვეყნებს შორის თანხმობა არ იქნება. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი შეიძლება განიხილებოდეს 5-10 წელიწადში, კიევთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების პირობით.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.