ელჩი: პარლამენტის სპიკერის ბაქოში ვიზიტი ურთიერთობებში დამატებითი სტიმული იქნება

საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ვიზიტი დამატებით იმპულსს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობებში, განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის საჰიბა გაფაროვას მიწვევით ბაქოში 10 დეკემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.
„დღეს იწყება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ბატონ ილჰამ ალიევთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ქალბატონ საჰიბა გაფაროვასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი დამატებით იმპულსს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობებში, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით", - განაცხადა პატარიძემ.
ელჩის თქმით, შეხვედრებზე არაერთი მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის საქართველოს, როგორც შუამავლის როლზე ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკებებში.
„თქვენ კარგად იცით ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც არსებობს და ჩვენ ძალიან წარმატებულად მივდივართ წინ ამ მიმართულებით. საქართველოს მედიაცია ძალზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა პატარიძემ.
საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან.
კობახიძე: საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია>>>
2023 წლის ოქტომბერში, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანის პრემიერი ალი ასადოვი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიაში პირისპირ პირველად საქართველოში შეხვდნენ - არაოფიციალურ გარემოში აუდიენცია პრემიერ-ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობითა და ხელმძღვანელობით გაიმართა.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით". 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს.
2021 წლის დეკემბრის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.