„შავი ლომი" „ჩელენჯ თასის" გათამაშებაში ინგლისურ „გლოსტერთან“ დამარცხდა

ქართული გუნდი ტურნირში პირველად იღებს მონაწილეობას და სპეციალური მოსაწვევი ორგანიზატორებისგან მიიღო.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი" „ჩელენჯ თასის" გათამაშებაში თბილისში ინგლისურ „გლოსტერთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 10:15.
„შავი ლომის“ პირველი მეტოქე დიდი ისტორიისა და ტიტულების მქონე კლუბი იყო, რომელიც 1873 წელს დაარსდა. არსებობის ისტორიაში მან ხუთჯერ მოიგო ანგლო-უელსის თასი (1972, 1978, 1982, 2003, 2011), ხოლო ინგლისის პრემიერშიფში ოთხჯერ დაიკავა მეორე ადგილი (1989, 1990, 2003, 2007).
„გლოსტერს“ ევროპის საკლუბო ტურნირებში თამაშის დიდი გამოცდილებაც აქვს. გუნდი სისტემატურად თამაშობს ჩემპიონთა და ჩელენჯ თასზე, ეს ტურნირი ორჯერ აქვს (2006 და 2015) მოგებული, ორჯერ კი ფინალში დამარცხდა (2017 და 2018).
Rugby Europe: „შავმა ლომმა“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე მესამე გამარჯვება მოიპოვა >>
მე-11 წუთზე ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. რამდენიმე წუთში ინგლისელების უპირატესობა გაიზარდა და „გლოსტერი“ 6:0 დაწინაურდა.
მე-20 წუთზე ქართველები გააქტიურდნენ და ლელოც დაიდო (მატკავა) , რასაც გარდასახვა მოყვა და გუნდი დააწინაურა – 7:6.
რამდენიმე წუთში „შავი ლომის“ მორაგბეებმა მეორე ლელოც დადეს, მაგრამ ვიდეორეფერიმ წესების დარღვევა დააფიქსირა და ანგარიში უცვლელი დარჩა. ტაიმის ბოლოს ბარტონმა მესამე ჯარიმის გატანა მოახერხა და ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – 9:7.
მეორე ტაიმში პირველი ქულები კვლავ სტუმრებმა მოიპოვეს – ამჯერადაც ინგლისელები ბარტონის ზუსტი ჯარიმით 12:7 დაწინაურდნენ.
„შავი ლომი“ შეტევებს განაგრძობდა და 67-წუთზე ლუკა მატკავამ ზუსტი ჯარიმით ანგარიში კვლავ შეამცირა – 12:10.
მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ბარტონმა მეხუთე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა კვლავ ხუთქულიანი გახადა. საბოლოოდ, „შავმა ლომმა“, დიდი ბრძოლის მიუხედავად, თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო და 10:15 დამარცხდა, თუმცა ერთი სანუგეშო ქულის მოპოვება შეძლო.
„შავი ლომის“ ჯგუფში „კლერმონმა“ „ედინბურგი“ ბონუსქულით 31:18 დაამარცხა, ასევე ბონუსქულით მოუგო „კასტრმა“ „სკარლეტსს“ – 34:16.
„ჩელენჯ თასის" ფარგლებში „შავი ლომი“ მორიგ შეხვედრას 16 დეკემბერს უელსური „სკარლეტსის“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს.
ქართული გუნდი ტურნირში პირველად იღებს მონაწილეობას და სპეციალური მოსაწვევი ორგანიზატორებისგან მიიღო. „ჩელენჯ თასში" მონაწილეობენ გუნდები სამი ჩემპიონატიდან: პრემიერ-ლიგა, „პრო14" (ირლანდიის, შოტლანდიის, უელსის, იტალიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გუნდები) და „ტოპ14" (საფრანგეთის ჩემპიონატი).
გუნდი ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით, „სკარლეტსის" გარდა, ასევე შეხვდება „კლერმონს" (საფრანგეთი), „კასტრს" (საფრანგეთი) და „ედინბურგს" (შოტლანდია).