ევროპის კლუბური ჩემპიონატი-2023: ქართული კლუბები მედლების გარეშე დარჩნენ

ძიუდოში 2022 წლის ჩემპიონთა ლიგა გორში გაიმართა, სადაც გამარჯვება ქართულმა კლუბმა, „მებრძოლმა“ მოიპოვა.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ძიუდოში ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ორმა ქართულმა კლუბმა – „მებრძოლმა“ და „გოლდენ გორმა“ ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს.
ტურნირის გამარჯვებული გახდა ბელგრადის კლუბი „ცრევნა ზვეზდა“, რომელმაც ფინალში ბერძნულ „არისს“ მშრალად მოუგო - 3:0.
„გოლდენ გორი“ მესამე ადგილისთვის დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:3 დამარცხდა ფრანგულ პსჟ-სთან, რომლის შემადგენლობაშიც ორი უძლიერესი ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გამოდიან. ორივემ თავისი გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო.
პსჟ-ს შემადგენლობაში ასევე იასპარეზა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ტედი რინერმა.
„მებრძოლის“ ღირსებას იცავდნენ : გიორგი თუთაშვილი (66 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი, ლუკა კაპანაძე, ვალერი იაშვილი (73 კგ), ფრიდონ გიგანი, ლევან გუგავა, ნუგზარ ტატალაშვილი, ომარ ნიაზაშვილი (81 კგ), უშანგი მარგიანი (90 კგ.), საბა ინანეიშვილი და ონისე სანებლიძე (+90 კგ.).
ხოლო „გოლდენ გორში“ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ), ზაურ დვალაშვილი (90 კგ) და შალვა გურეშიძე (+90 კგ) გამოვიდნენ.
ძიუდოში 2022 წლის ჩემპიონთა ლიგა გორში გაიმართა, სადაც გამარჯვება ქართულმა კლუბმა, „მებრძოლმა“ მოიპოვა. შეჯიბრებას ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგა ეწოდება და შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU) ამ ტურნირს 2022 წლის საუკეთესო ღონისძიებად დაასახელა.