თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას წასვლა ლოგიკური დასასრულია იმ კომპანიის, რომელიც პარტიისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენებაზე იყო ორიენტირებული, განაცხადა დეპუტატმა, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა.
„ნაცმოძრაობიდან“ წასვლის და ახალი პარტიის შექმნის გეგმების შესახებ ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა. ნოემბრის ბოლოს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გამოაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიიდან გარიცხა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს გადაწყვეტილება იურიდიულად არ გაფორმებულა. ხაბეიშვილის განცხადებას წინ უძღოდა მელიასა და მისი არცთუ მცირერიცხოვანი მომხრეების უარი, ხელი მოეწერათ „ერთიანობის მანიფესტზე", რომელის სააკაშვილის მიერ იყო ინიცირებული 23 ნოემბერს.
„გუშინ საზოგადოებამ იმ 8-9-თვიანი კამპანიის ლოგიკური დასასრული იხილა, რომელსაც არჩევნებში დამარცხებული ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბი აწარმოებდა. მთელი ამ ცხრა თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამალებული კამპანია მიმდინარეობდა. მათი სტრატეგია იმთავითვე ცნობილი იყო – ყველაფერი კეთდებოდა, რომ პარტიისთვის მაქსიმალურად მეტი ზიანი მიეყენებინათ, შემდგომ კი გასულიყვნენ და ცალკე პარტია შეექმნათ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებისთვის არაფერი ახალი არ მომხდარა, და „ასეთი ფაქტებიდან ყოველთვის კიდევ უფრო ძლიერი გამოდიოდა“.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში შევდივართ, სადაც, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გამარჯვების კოალიცია აუცილებლად მიაღწევს გამარჯვებას. ამ გამარჯვების კარი ყველასთვის ღიაა“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.