თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება „საბურთალოს“ გამარჯვებით დასრულდა - ფინალში თბილისის გუნდმა „დინამო ბათუმი“ 1:0 დაამარცხა.
„საბურთალოს" გუნდი თასის მფლობელი მესამედ გახდა - 2019, 2021 და 2023 წლებში.
მთელი მატჩის განმავლობაში ორივე გუნდს ჰქონდა რამდენიმე რეალური შანსი თამაშში ანგარიშის გახსნისა, მაგრამ უშედეგოდ. ერთადერთი გოლი მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე საჯარიმო დარტყმის შემდეგ „საბურთალოს" 33 წლის თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ (90+2) გაიტანა.
7 ნოემბერს თასის ნახევარფინალში ბათუმის „დინამომ" კოლხეთი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. გუნდი ფინალში მეექვსედ გავიდა (1993, 1995, 1996, 1997, 1998), მაგრამ თასი მხოლოდ 1998 წელს მოიპოვა.
მეორე ნახევარფინალში „საბურთალომ" წყალტუბოს „სამგურალს" ანგარიშით 2:1 მოუგო და ტიტულისთვის მესამედ იბრძოლებს. გუნდი ორჯერ გავიდა ფინალში (2019 და 2021 წლებში) და ორივეჯერ მოიგო.
„საბურთალომ" ეროვნულ ლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა და უეფას საკონფერენციო ლიგაში მოსახვედრად თასის ფინალის მოგება მოუწია.
უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს", როგორც ეროვნული ლიგის გამარჯვებულის მონაწილეობა გარანტირებულია.
1990 წელს საქართველოს თასის პირველი მფლობელი ლანჩხუთის „გურია” გახდა. ფინალში სულ 19 გუნდი მონაწილეობდა. აბსოლუტური რეკორდსმენი თბილისის „დინამოა" - 15 ფინალი და 13 ტიტული.