საქართველოს პრეზიდენტმა ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

ხანუქა დეკემბერში აღინიშნება, როდესაც დღეები ყველაზე მოკლეა და ღამეები ძალიან გრძელი.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ებრაელებს ხანუქას დღესასწაულის დასაწყისი მიულოცა.
„ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, მეგობარ ებრაელ ერს მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც რწმენის სიმტკიცის ამ დღესასწაულს ხვდება იქ, სადაც დღეს განსაცდელია, იქ, სადაც დღეს მშვიდობისთვის ბრძოლა უწევთ“, - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
ხანუქა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ებრაული დღესასწაულია. იგი აღინიშნება იმ სასწაულის ხსოვნის ნიშნად, რომელიც ძველ ისრაელში ტაძრის ხელახალი კურთხევის დროს მოხდა.
ხანუქა დეკემბერში აღინიშნება, როდესაც დღეები ყველაზე მოკლეა და ღამეები ძალიან გრძელი. 2023 წელს ხანუქა 7-15 დეკემბერს აღინიშნება.
დღესასწაულის ყოველ დღე, მზის ჩასვლის შემდეგ მიღებულია თითო სანთლის დანთება. პირველი აინთება დღესასწაულის წინა დღეს. ბოლო დღეს ყველა სანთელს ერთად დაანთებენ.