თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქა მიულოცა და სანთლის დანთების ცერემონიაში მონაწილეობით აღნიშნა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ძმური ურთიერთობა.
„ერთად გამოვიარეთ ძალიან ბევრი ჭირ-ვარამი, განსაცდელი, ტკივილი, სიხარული, გამარჯვება, სიკეთე და მჯერა, ჩვენ ერთად გავივლით მომავალ წლებს და საუკუნეებს, ერთად მივაღწევთ გამარჯვებას. პატივცემულმა რაბიმ თქვა, რომ საქართველოში როდესაც არის, თავს გრძნობს სამოთხეში. მორწმუნე ქართველებისთვის ისრაელი წმინდა მიწა, ჩვენი მეორე სამშობლოა. ისრაელში როცა ჩავდივარ, თავს ვგრძნობ სახლში. მინდა, მადლობა გითხრათ ამ ძმობისთვის, მეგობრობისთვის“, − განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ებრაელ ხალხს უსურვა გამარჯვება და ხანუქას სიმბოლურობას გაუსვა ხაზი.
„მინდა, ისრაელს და ებრაელ ხალხს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება. დღევანდელი დღე, ხანუქა არის სწორედ სიმბოლო გამარჯვების, განახლების, სინათლისა და ბოროტებაზე გამარჯვების დღე. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“,− აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ხანუქა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ებრაული დღესასწაულია. იგი აღინიშნება იმ სასწაულის ხსოვნის ნიშნად, რომელიც ძველ ისრაელში ტაძრის ხელახალი კურთხევის დროს მოხდა.
ხანუქა დეკემბერში აღინიშნება, როდესაც დღეები ყველაზე მოკლეა და ღამეები ძალიან გრძელი. 2023 წელს ხანუქა 7-15 დეკემბერს აღინიშნება.
დღესასწაულის ყოველ დღე, მზის ჩასვლის შემდეგ მიღებულია თითო სანთლის დანთება. პირველი აინთება დღესასწაულის წინა დღეს. ბოლო დღეს ყველა სანთელს ერთად დაანთებენ.