თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. გაეროს ეგიდით მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაცია UNICEF-მა დაგმო ისრაელელ ქალებსა და ბავშვებზე 7 ოქტომბერს მომხდარი სექსუალური ძალადობა, თუმცა მის განცხადებაში ნახსენები არ არის დამნაშავე − ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი, იუწყება Times of Israel.
„7 ოქტომბერს ისრაელში მომხდარი სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობები შემზარავია. გადარჩენილებს სჭირდებათ მოსმენა, მხარდაჭერა და ზრუნვა. ბრალდებები სრულად უნდა იქნას გამოძიებული. ჩვენ ვგმობთ გენდერულ ძალადობასა და ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის ყველა ფორმას“, − წერს UNICEF-ის ხელმძღვანელი კეტრინ რასელი X-ზე.
მანამდე, 5 დეკემბერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკრიტიკეს უფლებადამცველი ჯგუფები, ქალთა ორგანიზაციები და გაერო იმის გამო, რომ მათ არაფერი თქვეს ჰამასის მიერ ისრაელელი ქალებისა და ბავშვების გაუპატიურებასა და სხვა სისასტიკეებზე.
ისრაელის საზოგადო მოღვაწეებმა, უფლებადამცველი ორგანიზაციებმა, ასევე ისრაელის უცხოელმა მხარდამჭერებმა მოუწოდეს საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, აღიარონ და გამოიძიონ გაუპატიურებებისა და სექსუალური ძალადობის მტკიცებულებები 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს, რა დროსაც ჰამასის მებრძოლებმა 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 240-მდე კი მძევლად აიყვანეს.
ისრაელის უფლებადამცველი ჯგუფების განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელსაც თითქმის რვა კვირა დასჭირდა იმისათვის, რომ დაეგმო ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალური ძალადობა და გამოძიების ვალდებულება აეღო.