თბილისში საცხოვრებელი ფართები კიდევ 34 ოჯახს დაუკანონდა

ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით 3 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 34 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა, იუწყება თბილისის მერია.
მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.
აღნიშნულ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა.
„ოჯახებს იმ ფართების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცათ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. საერთო ჯამში, აღნიშნული პროგრამა დიდი წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა მსგავსი პრობლემების მქონე ოჯახებს მოუწოდა, ადგილობრივ გამგეობებს მიმართონ, სადაც საცხოვრებელი ფართების დაკანონებისთვის საჭირო პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით 3 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.