თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერება ერთ-ერთი ნაბიჯი გახდება ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის განახლებისთვის, განაცხადა რეგულატორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
2023 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო. არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც სსფ-ს არ განუმარტავთ, რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება.
„ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, გვაქვს ძალიან მჭიდრო და ხშირი კომუნიკაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდთან. ვიცით, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რომ პროგრამის აღდგენა-აქტივაცია დაჩქარდეს. ერთ-ერთი მიმართულება ეს არის ეროვნული ბანკის ინსტიტუციური გაძლიერება, მისი დამოუკიდებლობის გამყარება", - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით გარკვეულ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობის შემოღებას, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაც კი მოუხდა, რომელმაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის გაზრდა.
თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
სსფ მრავალი წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველო და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.