პედოფილს, რომელიც საკუთარ შვილს აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ცნო დამნაშავედ და უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს, რომელიც საკუთარი შვილის გაუპატიურებაში იყი ბრალდებული, სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატიურად აუპატიურებდა მას. ასევე, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე და დაზარალებულს მის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებდა.
ძალადობის მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე, არ საჯაროვდება არც დანაშაულის ადგილი, არც ბავშვის სქესი და ასაკი.
სასამართლომ მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ცნო დამნაშავედ და უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოს სისხლის სამართალში უვადო თავისუფლების აღკვეთა არის სასჯელის უმაღლესი ფორმა და გულისხმობს ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე პატიმრობაში ყოფნას არანაკლებ 20 წლის ვადით, რის შემდეგაც პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს გათავისუფლების შუამდგომლობით. თუ სასამართლო შუამდგომლობას უარყოფს, პირი პატიმრობაში დარჩება.
წყარო - პროკურატურა