კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ დაშლა შემთხვევით არ ხდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა და კარგავს მხარდამჭერებსა და აქტივისტებს მას შემდეგ, რაც პარტიის ხელმძღვანელობამ პოლიტიკური ძალის რიგებიდან ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გარიცხვის შესახებ განაცხადა.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა შემთხვევითი არ არის და მიზნად ისახავს რეიტინგებში სხვა პოლიტიკური ძალის დაწინაურებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა და კარგავს მხარდამჭერებსა და აქტივისტებს მას შემდეგ, რაც პარტიის ხელმძღვანელობამ პოლიტიკური ძალის რიგებიდან ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გარიცხვის შესახებ განაცხადა.
„ნაცმოძრაობა“ იშლება და, ჩვენი დაკვირვებით, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი. მგონია, რომ ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი, არის გეგმა, რომ „ნაცმოძრაობა“ ქვევით დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საუბარია სხვა ოპოზიციური პარტიების გაძლიერებაზე.
„ნაცმოძრაობა“ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომელი პარტიებისგან შედგება. ამიტომ, შესაკრებთა გადანაცვლებით, საბოლოო ჯამში, ვერაფერი შეიცვლება. ვერ შეიცვლება ის ჯამი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია“, -განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის" და სხვ. ამასთან, თავად პარტიები, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავენ.
„ნაცმოძრაობას" აპოკალიფსი დაუდგა - დეპუტატი >>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.