წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს - კალაძე ვაშაძეს აკრიტიკებს

ოპოზიციონერმა გიორგი ვაშაძემ მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა გააკრიტიკა, რასაც თბილისის მერის მხრიდან მკვეთრი განცხადება მოყვა
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს და საერთოდ არ აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა და მერიის შესაბამისი რეფორმა, განაცხადა თბილისის მერმა კახა ვაშაძემ.
ვაშაძე ამტკიცებს, რომ თბილისის მერია არ ითვალისწინებს ფრანგული კომპანია Systra-ს რეკომენდაციებს დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის თაობაზე და ამის გამო ქალაქში სრული სატრანსპორტო კოლაფსია. კალაძემ ოპოზიციონერს უწოდა დეგრადირებული პოლიტიკოსი და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაში დაადანაშაულა. პასუხად ვაშაძემ თბილისის მერს ქუჩაში გასვლა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხალხის აზრის გაგება შესთავაზა.
„ამ თემაზე პოპულისტური განცხადებების გაკეთება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არავის მოუტანს დადებით შედეგს. გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რა რეფორმას ვატარებთ და კიდევ რა არის გასაკეთებელი, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგდეს“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, პოლიტიკოსმა დეტალები არც უნდა იცოდეს. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და აქვთ მეტი გამოცდილება, არიან მსოფლიო დონის კომპანიები, რომლებმაც გაატარეს რეფორმები და განახორციელეს მსგავსი პროექტები.
„რა თქმა უნდა, მათ მივყვებით თანმიმდევრულად, ახალს არაფერს ვიგონებთ და ვერ გამოვიგონებთ. მივყვებით იმას, რაც არის გაკეთებული ყველა განვითარებულ ქვეყანაში, დიდ ქალაქებში, სადაც ანალოგიური პრობლემა იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, თბილისი სპეციფიკურია თავისი რელიეფიდან გამომდინარე და შეუძლებელია რაღაცების გადმოკოპირება", - განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, ქალაქის რელიეფური მდგომარეობის გათვალისწინებით, მაქსიმუმი კეთდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელმისაწვდომობა, რათა მისით გადაადგილება იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ამისთვის შემოგვყავს ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები, რომ მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ ერთი ადგილიდან მეორეში, კეთდება საავტობუსო ზოლები, დასძინა კალაძემ.
„დამატებით რამე თუ იცით, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ და გასაკეთებელია, ესეც გვითხარით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს არც თანამშრომლობა, არც შენიშვნების მიღება", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილების უკან უდგას შესაბამისი კვლევები და დაკვირვებები.
„შეუცდომელი არავინაა, შესაძლოა, ჩვენც მოგვდის შეცდომები, მაგრამ თუ იცით ისეთი რამ, თუ რაღაც ჯადოსნური ჯოხი გაქვთ და ამ ყველაფრის მოწესრიგებას შევძლებთ, გვითხარით. 650 ათასი ავტომობილი გადაადგილდება დედაქალაქში პიკის საათის დროს. წარმოგიდგენიათ, რამხელა ციფრია? 2012 წლამდე თბილისში 180 ათასი ავტომობილი დადიოდა“, – აღნიშნა კალაძემ.
„გავიდეთ ქალაქში და გავარკვიოთ რას ფიქრობს ხალხი ჩვენზე“: გიორგი ვაშაძემ კალაძეს მიმართა>>>
მანამდე ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა კომპანია Sуstra, სადაც აღნიშნეს, რომ თბილისის მერია ზედმიწევნით და სკურპულოზურად მიყვება Systra Group-ის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირეული რეფორმის განსახორციელებლად და იმ ათი ძირითადი დერეფნის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი უწყვეტი არტერია უნდა გახდეს.
კომპანიამ ასევე თხოვნით მიმართა პოლიტიკოსებს, არ გამოიყენონ Systra-ს მიერ მომზადებული პროფესიული რეკომენდაციები პოლიტიკური მიზნებისთვის, განსაკუთრებით მათი არასწორი ინტერპრეტაციისთვის, რადგანაც, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იგი აზიანებს თბილისში მიმდინარე მნიშვნელოვან და რთულ სატრანსპორტო რეფორმას.