თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ხელოვნების სასახლეში ქართველი მხატვრის ნინო ლორთქიფანიძის გამოფენა გაიხსნა და 11 დეკემბრამდე გასტანს.
ეს მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მისი პირველი გამოფენაა - ნინო ლორთქიფანიძე კოვიდპანდემიის დროს საზღვარგარეთ გარდაიცვალა. მხატვრის დამ მისი ნამუშევრები შეაგროვა, სამშობლოში ჩამოიტანა და კულტურის სამინისტროს ნახატების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა შესთავაზა.
გახსნაზე ასევე წარმოდგენილი იყო ლორთქიფანიძის ნამუშევრების კატალოგი, რომელიც არის კულტურის სამინისტროს კონკურსის - „კულტურის სფეროში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტი.
ორენოვან კატალოგში თავმოყრილია მხატვრის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები. ალბომის ტექსტზე მუშაობდნენ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე.
გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეია წულუკიანი, გიორგი კალანდია და მხატვრის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ნინო ლორთქიფანიძის დამ, რუსუდან ლორთქიფანიძემ მხატვრის ორი ნამუშევარი საჩუქრად დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას და ხელოვნების სასახლეს გადასცა.