თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაში, განაცხადა რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერის პრესმდივანმა წოვინარ ხაჩატრიანმა.
„სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი არ მიიღებს მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს გასვლით სხდომასა და CSTO-ს საპარლამენტო ასამბლეის მე-16 პლენარულ შეხვედრაში, რომელიც 19 დეკემბერს გაიმართება მოსკოვში. შეხვედრებში მონაწილეობას არც ეროვნული ასამბლეის დელეგაცია არ მიიღებს“, — განაცხადა ხაჩატრიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა უკვე აცნობა რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინს.
სიმონიანმა ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ არ აპირებს CSTO-ს სხდომაზე დასწრებას. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაში მისი მონაწილეობა „შექმნილ ვითარებაში შეუსაბამოა“, ვინაიდან ორგანიზაცია „არ ასრულებს თავის ვალდებულებებს სომხეთის წინაშე“. ამასთან სიმონიანმა განმარტა, რომ ერევანს ორგანიზაციიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ბოლო პერიოდში სომხეთი ამცირებს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე არსებულ ორგანიზაციებში მონაწილეობას. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა უარი 23 ნოემბერს მინსკში CSTO-ს სამიტში მონაწილეობაზე. ფაშინიანი არც EAEU-სა და დსთ-ის მთავრობათაშორის საბჭოებს დაესწრო ბიშკეკში, და არც დსთ-ის სამიტს, რომელიც ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გაიმართა.