განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 3 დეკემბერს თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მოკვლის განზრახვით დაზარალებულს გულმკერდისა და მხრების არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა - მომხდარს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.
უწყების ცნობით, აღნიშნული ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სიტუაციის განმუხტვა სცადეს, რა დროსაც ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს და დანა ფეხის არეში დაარტყა.
დაჭრილ პოლიციელსა გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ასევე ოპერაცია ჩაუტარდა დაჭრილ მოქალაქეს, რომელიც ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
მამაკაცს ბრალდება სსკ-ის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე ვადის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.