კობახიძე: საქართველოს პრეზიდენტი გადადგება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად

მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი „რადიკალურ ოპოზიციას“ შეუერთდა
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადადგეს და მონაწილეობა მიიღოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ქვეყანაში 2024 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციას შეუერთდა.
„დღევანდელი სურათი სწორედ ამ ლოგიკას გვკარნახობს. ძალიან მაღალია ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის, სინამდვილეში როგორია ამ ადამიანის რეიტინგი, შესაბამისად, რა შანსი აქვს, რაიმე წვლილი შეიტანოს წინასაარჩევნოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაძლიერებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის" და სხვ.
პრეზიდენტი და „ოცნება“
მმართველმა პარტიამ 2023 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. მაშინ მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის საკითხს საჭირო 100 ხმის ნაცვლად 86 ხმა მოაგროვა.
საჭიროა მეტი კონკრეტიკა - მმართველი პარტიის დეპუტატები პრეზიდენტს კვლავ აკრიტიკებენ >>
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამიერიდან ზურაბიშვილი არის არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი. მისი თქმით, ზურაბიშვილი ამიერიდან მხოლოდ ფორმალურ პრეზიდენტად რჩება.
2024 წლის არჩევნები
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
გაერთიანდებიან თუ არა, მათი ზნე არ იცვლება - ვოლსკი ოპოზიციაზე >>
ბოლო გამოკითხვებით, გამსვლელი ბარიერის გადალახვას ქვეყანაში ორიდან ხუთ პარტიამდე შეძლებს. პარტიების რეიტინგში ლიდერობას ინარჩუნებენ „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა", რომელთა შორის სხვაობა, „ოცნების" სასარგებლოდ, თანდათანობით მატულობს.
საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.