თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა შესწორებები კანონში, რომელიც 1-ლი იანვრიდან საქალაქთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს ითვალისწინებს და რომლის თანახმად მძღოლებს ამისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ.
პაკეტის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" მთავარ კანონში შესწორებების თანახმად, კანონის მიღების შემდეგ გადამზიდავად ჩაითვლება მხოლოდ ის პირი, რომელიც გადაზიდვებს ახორციელებს სპეციალური ნებართვის საფუძველზე.
ნებართვა შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი.
საქართველოს ხელისუფლება სულ გასცემს სამი სახის ნებართვას: მგზავრების გადაყვანის ნებართვა, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ნებართვა და ნებართვა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე უცხოელი გადამზიდველისთვის.
ნებართვები კონკურსის გარეშე გაიცემა, და მათი გაცემის წესებს საქართველოს მთავრობა სპეციალური დადგენილებით განსაზღვრავს.
გარდა ამისა, ცვლილებების მიღების შემდეგ საქართველოს კანონმდებლობაში „ავტოსადგურის" ცნება გაჩნდება – „ავტოსადგური არის მგზავრთა გადაყვანის მიზნით ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოწყობილი ადგილი, საიდანაც დადგენილი წესით შესაძლებელი იქნება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო რეგულარული ან/და არარეგულარული სამგზავრო გადაზიდვების განხორციელება ნებართვების ფლობის შემთხვევაში".
ამასთან, თითოეულ ავტოსადგურს ექნება ტექნიკური რეგლამენტისა და კლასის შესაბამისობის დამადასტურებელი სპეციალური სერტიფიკატი.
ავტოსადგურები სამ კლასად დაიყოფა და თითოეულისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება. პირველი კლასის ავტოსადგურიდან მოხდება როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა სამგზავრო რეისების განხორციელება, ხოლო მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებიდან მხოლოდ შიდა სამგზავრო გადაყვანების განხორციელება. მათგან საერთაშორისო გადაზიდვები განხორციელდება მხოლოდ პირველი კლასის ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში.
მესამე კლასის ავტოსადგურში შიდა გადაზიდვები განხორციელდება, ხოლო საქალაქთაშორისო და საერთაშორისო რეისები შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება პირველი და მეორე კლასის სადგურები, ან მათი ტევადობა არასაკმარისია.
ქართულ კანონმდებლობაში ბრუნდება „ავტობუსის" ცნებაც – „8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება (ნებადართული საერთო მასით 5 ტონამდე)".
გარდა ამისა, სამგზავრო გადაზიდვების განხორციელებას შეძლებენ 8 დასაჯდომი ადგილის მქონე სატრანსპორტო საშუალებები, მინივენები – 5 და 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე სატრანსპორტო საშუალებები (5 ტონაზე მეტი მასით).
მუნიციპალიტეტების საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტების მიხედვით განხორციელდება.