თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ყოველი ქრისტიანისთვის და ამას მოწმობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაც, განაცხადა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას.
როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ყოველი ქრისტიანისთვის და ამას მოწმობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაც. მისი სიტყვებით, ეს არის გზა, რომელიც გვიჩვენა ყოვლადწმინდამ, თუ როგორ უნდა მივიდეთ სასუფეველში.
„დღევანდელ დღესასწაულს, შეიძლება ითქვას, აქვს კიდევ ერთი წინასახე, ვინაიდან ყოვლადწმინდა ქალწული თავისი მშობლების მიერ შეწირული იყო ეკლესიისთვის, მისი ამ გზის დასაწყისში იყო თავგანწირვა და მსხვერპლი. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანის სულიერი ცხოვრების დასაწყისში უნდა იყოს თავგანწირვა", - განაცხადა პატრიარქის თანამოსაყდრემ.
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრის მიხედვით 4 დეკემბერს თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ერთ–ერთი – ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება აღინიშნება.
დღესასწაულს საფუძვლად უდევს თქმულება, რომელიც მოგვითხრობს, როგორ მიიყვანეს მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში სამი წლის მარიამი, რომელიც მომავალში ღვთისმშობელი გახდებოდა.
მარიამის მშობლები სახლში დაბრუნდნენ, ის კი ტაძარში დარჩა.
მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, ხელსაქმობდა და ემსახურებოდა სნეულებს. თავის ულუფა საზრდელს ყოვლადწმინდა მარიამი გლახაკებს აძლევდა, თვითონ კი „მოიღებდა საზრდელსა ჴელითა ანგელოზისაჲთა“. ეკლესია ასე განადიდებს ამ დღესასწაულს: „ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა. დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღვთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა“.
დღესასწაული ქრისტიანობის დასაწყისში დაფუძნდა, ხოლო მართლმადიდებლურ სამყაროში ფართო გავრცელება IX საუკუნეში ჰპოვა.