თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველო ბრწყინვალედ ასრულებს ყველა ვალდებულებას, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები ითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.
„ყველა მიმართულებით, რაც ევალება საერთაშორისო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სანქციების თვალსაზრისით, საქართველო თავისი მოვალეობის ბრწყინვალე შემსრულებელია“, - განაცხადა დუნდუამ.
რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას თავად საქართველოს მიერ, დუნდუას, თქმით, ეს პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს და ინფლაციას გამოიწვევს.
„არაერთი ანგარიში, არაერთი განცხადება არსებობს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ამასთან დაკავშირებით. რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოსთვის კონტრპროდუქტიულია - ეს დააზარალებს საქართველოს და ვერაფერს დააკლებს რუსეთს. მით უმეტეს ამ რთულ ვითარებაში, ეს საქართველოში გამოიწვევს ეკონომიკურ ვარდნას, ინფლაციას, რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა დუნდუამ.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.