თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულებაზე მუშაობის კუთხით ოპოზიციასთან თანამშრომლობის წარუმატებელი გამოცდილება აქვს, განაცხადა „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ახალი პირობები, რომელთა შორისაცაა თავისუფალი არჩევნების გამართვა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოება, ევროკომისიამ 2023 წლის 8 ნოემბერს გაასაჯაროვა. ორშაბათს, 27 ნოემბერს, ევროინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტში გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა განხორციელდეს რეკომენდაციების ფარგლებში, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები და აღსრულების ვადები.
„პროფილური კომიტეტები არსებობს და კომიტეტებში მუშაობა ყველასთვის აუცილებელია, თუ გვინდა, რომ რეკომენდაციები შევასრულოთ, რაც მთავარია, ვაჩვენოთ კარგი გამოცდილება პარტიული, პოლიტიკური თანამშრომლობის. ცუდი გამოცდილება არსებობს ამ მხრივ, ეს ყველამ კარგად იცის და ვფიქრობ, კვლავ გაგრძელდება ეს გააფთრებული შეტევები იმისთვის, რომ როგორმე, იქნებ რაიმე საფთხე შეექმნას საქართველოს სვლას ევროინტეგრაციისკენ", - განაცხადა ვოლსკიმ.
მმართველი გუნდი უკვე შეუდგა რეკომენდაციებზე მუშაობას. მიუხედავად მრავალრიცხოვანი მოწოდებებისა, სამუშაო ჯგუფებში ჩართვისთვის ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილია მზად.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ ის პირადად აპირებს მუშაობას, რადგან სწორია, როდესაც პარლამენტშია დეპუტატი, მას უნდა ჰქონდეს თავისი პოზიცია სამუშაო ჯგუფსა თუ სესიაზე.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა უფრო ადვილი იქნება, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებამ წინა 12 პირობიდან 80% უკვე შეასრულა.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.