ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა ტოკიოში დიდი სლემის ტურნირზე პირველი მედლები მოიპოვა

სეზონის დიდი სლემის ფინალურ ტურნირში მსოფლიოს 88 ქვეყნიდან 538 სპორტსმენი მონაწილეობს
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ტოკიოში მიმდინარე წლის ბოლო დიდი სლემის ძიუდოს ტურნირის პირველმა დღემ საქართველოს ნაკრებს ორი მედალი მოუტანა - ვერცხლი და ბრინჯაო.
ტურნირის ფინალში იჭიდავა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ (90კგ). ქართველი ოქროს მედლისთვის იაპონელ სანშირო მურაოსთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ტოკიოს გრანდ სლემზე დღეს ცოტა ხნით ადრე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 20 წლის გიორგი ტერაშვილმა (73კგ). ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში კორეელ ლის იპონით სძლია.
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბიში პირველი ოქრო მოიპოვა >>
ბრინჯაოს მედლის დაუფლების შანსი ჰქონდა ეთერ ლიპარტელიანსაც (57კგ), მაგრამ იგი ტაივანელ ლიენგთან შებოჭვით დამარცხდა. დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი კიდევ ოთხი ძიუდოისტი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ), ლუკა ბაბუციძე (90 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
ტურნირის ფინალურ დღეს საქართველოს წარმოადგენენ: ლუხუმ ჩხვიმიანი და გიორგი სარდალაშვილი (ორივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი და თენგო ზირაქაშვილი (ორივე 66 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და გიორგი ბერიაშვილი (ორივე 100 კგ), ასევე შალვა გურეშიძე და ლევან მათიაშვილი (ორივე + 100 კგ).
საქართველო 2022 წელს ტოკიოს პრესტიჟულ ტურნირზე მხოლოდ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა წარმოადგინა და ბრინჯაოს მედალი აიღო. ტურნირი იაპონელების ტრიუმფით დასრულდა - ხუთი ოქრო მამაკაცებში და შვიდი ოქრო ქალებს შორის.
მიმდინარე სეზონზე დიდი სლემის ბოლო ტურნირზე 88 ქვეყნიდან 538 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრებაში ასევე რუსი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას - ინდივიდუალური ნეიტრალური აგენტების სტატუსით (AIN).