თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გასვლას 2,5 ათასი სატვირთო მანქანა ელოდება, ნათქვამია ჩრდილოეთ ოსეთის საგზაო მოძრაობის მართვის ცენტრის ვებ-გვერდზე.
გუდაური-კობის მონაკვეთზე სატვირთო მანქანების მოძრაობა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო 26-დან 29 ნოემბრამდე გადაკეტილი იყო, რის გამოც რიგი შეიქმნა.
აღნიშნულია, რომ „მწვანე ზონაში“ 250 მანქანაა და მათ „ზემო ლარსის“ გასავლელად 12 საათი აქვთ. კვირას რუსეთის მხრიდან საქართველოში შემოსვლას 2.489 სატვირთო ავტომობილი ელოდება.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა საქართველო-რუსეთის საზღვარზე სატვირთო ავტომობილებისთვის 26 ნოემბერს, საღამოს, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო აიკრძალა.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 29 ნოემბერს საღამოს აღდგა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.