როდიდან გამკაცრდება საქართველოში სასჯელი ხმაურისთვის

ფიზიკური პირის მიერ დღის ან ღამის საათებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება 150 ლარით დაჯარიმდება.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. 2023 წლის 15 დეკემბრიდან საცხოვრებელ კორპუსებში, სამთავრობო უწყებებსა და კერძო კომპანიებში ხმაურის ნორმების გადამეტება პირველივე დარღვევის შემთხვევაში ჯარიმას გამოიწვევს.
შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე.
ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტება დღისა და ღამის საათებში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირის შემთხვევაში 150 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში -1500 ლარი.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის იქნება 500 ლარი (150-ის ნაცვლად), ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის - 5000 ლარი (500 ლარის ნაცვლად).
მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრება (300 ლარის ნაცვლად), ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის - 10.000 ლარით (1000 ლარის ნაცვლად).
ხმაურზე შეზღუდვები არ ვრცელდება აეროპორტებზე, მეტროზე, საავტომობილო გზებსა და რკინიგზაზე, პორტებზე, ასევე აქციებზე, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე დღის საათებში და თბილისის მერიასთან შეთანხმებულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე.
საქართველოში 2020 წლიდან დადგენილია აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დღისა და ღამის საათებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დღეისათვის წესების დარღვევა პირველ ჯერზე მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს.
მოქმედი კანონით, ხმაურის დასაშვებ ნორმად ბინებსა და სახლებში ითვლება არაუმეტეს 35 დეციბელისა დღისით (08:00 საათიდან 23:00 საათამდე) და არაუმეტეს 30 დეციბელისა ღამით. ბარებსა და რესტორნებში ხმაურის დასაშვები ნორმა დღე-ღამის ნებისმიერ დროს – არაუმეტეს 50 დეციბელისა, სასტუმროებში დღის საათებში – 40 დეციბელი, ღამით – 35 დეციბელი.